ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდების საქმიანობის შესახებ ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, მაისში დაწესდება.
ამის შესახებ მან „ფეისბუქში“ პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, სადაც მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.
მისი განცხადებით, ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესება ლომბარდებს და ყველა იმ იურიდულ პირს შეეხება, რომლებიც ფინანსურ სექტორში მოღვაწეობენ.
ამასთან, ლომბარდებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე მამუკა ბახტაძემ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლომბარდებში ავტომანქანებისა და უძრავი ქონების გარანტიის სახით მიღება უნდა აიკრძალოს.
მისი თქმით, ლომბარდები ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემის სათავე და კრიმინალის წამახალისებლები გახდნენ.
„ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად ჭარბვალიანობის გამოვწვევ მთავარ პრობლემად გადაიქცნენ და უფრო მეტიც, არის შემთვევები, როდესაც ისინი კრიმინალის წამახალისებელი წყაროები გახდნენ. ამიტომაც ახალი თამაშის წესები აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზეც. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები - ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ლომბარდებში აიკრძალოს, როგორც ავტომანქანების, ასევე, უძრავი ქონების დალომბარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ლომბარდების საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს.
„აქამდე რეგულაციების არარსებობამ წაახალისა არჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ავტომბილებისა და უძრავი ქონების დალომბარდებას ეხება. მათი საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას“, - განმარტა ბახტაძემ.
თეონა კენჭიაშვილი