თბილისის მერია მეტროსადგურ „გურამიშვილთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ ნაწილობრივ დასრულდამიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი. სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

„რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით. ასევე, შეიცვალა მეტროსადგურის შესასვლელი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა. პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა. დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კვლევითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია. ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი ღამის საათებში იწარმოებს და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას“, – აცხადებენ მერიაში.