ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი კონგრესმენები დაზვერვის სპეცკომიტეტზე აპირებენ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოლიტიკური ხასიათის 3 ათასამდე რეკლამის წარმოდგენას, რომელიც დაკვეთილი იყო „ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ მხრიდან.
აღნიშნული სააგენტო თავს მოიხსენიებდა როგორც „ტროლების ფაბრიკა“ - ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, განცხადებები დაკავშირებულია 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან და მისი გამოქვეყნება უკვე ამ კვირას არის მოსალოდნელი. თუმცა დემოკრატები დეტალებს ჯერ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციასთან ათანხმებენ.
ამერიკული მხარის ვერსიით, ეს მასალები სოციალურ ქსელში განთავსებულია 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს და მის შემდეგაც. კანონმდებლები გეგმავენ წარმოადგინონ ფაქტებიც, თუ მოსახლეობის რა კატეგორიაზე იყო ის გათვლილი, რა ღირდა ის და რა რაოდენობის მომხმარებლებმა წაიკითხეს ეს მასალა. ამ მომენტისთვის დემოკრატები წყვეტენ, თუ ინფორმაციის რა ნაწილი წარმოადგინონ, მომხმარებლები, რომლებმაც ის წაიკითხეს, ისინი ვინც მასზე კომენატრები გააკეთეს, თუ ისინი ვინც დაალაიქეს.
შეგახსენებთ, ამერიკაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიება უკვე თვეებია გრძელდება. საქმეს იძიებს ეფ-ბი-აი, სენატის სპეცკომიტეტი და სპეცპროკურორი რობერტ მიულერი.
კოკა კვირკველია