რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ დაიქირავა

კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. „სითი პარკის“ იურისტის თამარ შუბითიძის განცხადებით, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს.

Freshfields Bruckhaus Deringer LLP - ეს არის მულტინაციონალური იურიდიული კომპანია, რომელიც 1743 წელს ინგლისში დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანია ელიტური იურიდიული კომპანიების გაერთიანებისა Magic Circle-ს წევრია.

Freshfields - ეს არის უძველესი იურიდიული კომპანია არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში. მისი პირველი საქმე დაკავშირებულია Bank of England-თან, რომლის პოზიციებსაც ის მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში იცავდა. Freshfields Bruckhaus Deringer LLP დღემდე ამ ბანკის მრჩევლად რჩება.

დღეისათვის კომპანიას გააჩნია 28 ოფისი ევროპასა და აზიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში. ის დახმარებას უწევს ეროვნულ და მულტინაციონალურ კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუციებსა და მთავრობებს.

ამ დროისთვის ის დახმარებას უწევს კომპანიების - Bank of England-ისა და Northern Rock-ის სამსახურში. კომპანია 2008 წლის ფინანსური კრიზისი პერიოდში იყო გერმანიის ხელისუფლების მრჩეველი. ამასთან, Freshfields რჩევებს აძლევდა ბრიტანეთის ხელისუფლებას კომპანიების - Royal Mail, Northern Rock, Lloyds Bank, Royal Bank of Scotland და Eurostar-ის პრივატიზების დროს.

Freshfields-ი ტიტულოვანი კომპანიაა, ის 2017 წელს უმაღლესი რანგის იურიდიული კომპანიად დასახელდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და აზია-წყნარ ოკეანეში. 2015 წლის მონაცემებით, ის ერთადერთი იურიდიული კომპანია იყო magic-circle-დან, რომელიც შევიდა მსოფლიოს ტოპ ხუთ კომპანიას შორის ძვირადღირებული საქმეების წარმოების მიხედვით. Thomson Reuters' UK M&A-ის მიხედვით, კომპანიამ დახურა 91 ტრანზაქცია, რომელთა ღირებულება იყო 118 მილიარდი დოლარი.

მან ორჯერ, 2013 და 2014 წლებში, მიიღო პრესტიჟული ჯილდო Global Law Firm of the Year (მსოფლიოს წლის იურიდიული კომპანია).

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს. ამის შემდეგ კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა.

„კომპანია „ფრეშ ფილდის“ მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.

კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით“, - განაცხადა „სითი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ.

რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ელზა წიკლაური

კოკა კვირკველია