„სითი პარკმა“ აიყვანა იურისტები, დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს მათ წინააღმდეგ , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „სითი პარკთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კალაძემ აღნიშნა, რომ მერიასა და კომპანიას შორის არსებულ დავაში სიახლე არაფერია.
„სითი პარკთან“ დაკავშირებით სიახლე არაფერი არ არის. მათ აიყვანეს იურისტები, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კომპანია „სითი პარკმა“ მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სითი პარკის“ იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა, კომპანია „ფრეშ ფილდი“ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს და „სითი პარკის“ წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში იქნება.
რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.