იაპონიაში ციფრული ვალუტების გამცვლელი პლატფორმები შეზღუდეს

ციფრული ვალუტების ბაზარმა ახალი კვირა მასობრივი კლებით დაიწყო, რისი მთავარი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ იაპონიაში ციფრული ვალუტების ადგილობრივ გამცვლელ პლატფორმებს, მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. ტოპ ვალუტებს შორის, ყველაზე მკვეთრი ვარდნა ეთერიუმსა და რიპლზე დაფიქსირდა.

სავაჭრო პლატფორმა ბიტფაინექსის მონაცემებით, შუადღისთვის ბიტკოინის ფასი 9 310.2 დოლარი იყო, რაც 6.1 პროცენტით ნაკლებია მისსავე ფასზე 24 საათით ადრე. ეთერიუმი, რომელიც კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი ციფრული ვალუტაა, 752.6 დოლარი ღირდა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 10.5 პროცენტით ნაკლებია. უფრო მკვეთრი კლება ჰქონდა რიპლის XRP-ს, რომელსაც 11.3 პროცენტი დააკლდა და 0.81436 დოლარი (პლატფორმა პოლონიექსის მონაცემებით) გახდა. 9.2 პროცენტით, 164.3 დოლარამდე შემცირდა ლაიტკოინის ფასი.

იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს (FSA) გადაწყვეტილი აქვს, აამოქმედოს მკაცრი რეგულაციები, რომლებიც ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული თაღლითური მანიპულაციის შესაძლებლობებს მკვეთრად შეამცირებს. ამის ძირითადი მიზეზი არის გარემოება, რომ იაპონიაში ბაზირებული პლატფორმა „კოინჩეკი“ ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა, რა დროსაც ვირტუალურმა მძარცველებმა, პლატფორმის კლიენტების კუთვნილი, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები გაიტაცეს.

FSA-ს გადაწყვეტილებით, გამცვლელმა პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები, რაც ტრანსფერებისთვის ორფაქტორიანი აუტენტიფიკაციის გამოყენებასაც მოიაზრებს. გარდა ამისა, პლატფორმებმა უნდა გამოიყენონ სისტემები, რომლებიც იმის გარანტიას იძლევა, რომ ვალუტები არ ინახება ონლაინ-საფულეებში, რომლებიც კიბერ თავდასხმების ყველაზე ხშირი ობიექტებია. ახალი შეზღუდვები ასევე ფულის გათეთრების შესაძლებლობებს შეამცირებს.