ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტი გაასაჯაროვა.
დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც. დებულების დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესის ცვლილებაზეა საუბარი. კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს.
„დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილსვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება 6 თვეს იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ხოლო 3 თვეს სხვა ტიპის სესხების/კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.