ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბური მეტრის კლდის ნაწილია ჩაწოლილი, რამაც ალაზნისწყლის შეგუბება გამოიწვია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს ,,გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა, ამ ეტაპზე დაგუბებულ ტბამდე მისვლა ვერ ხერხდება, რადგან 53-ე და 54-ე კილომეტრზე ჩამოწოლილია ზვავი. მისივე თქმთ, გაწმედითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.
"წინა წელთან შედარებით, ცუდი მდგომარეობაა, წყლის შეგუბების გარდა ჩამოწოლილია საკმაოდ დიდი მასშტაბის ორი ზვავი, 53-ე და 54-ე კილომეტრზე, რის გამოც ტბამდე მისვლას ვერ ვახერხებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ 52-ე კილომეტრამდეა შესაძლებელი მანქანით გადაადგილება. ჩამოშლილი მასის შედეგად, სავარაუდოდ, 550 მეტრ ფართობზეა წყალი, ხოლო მისი სიღრმე 10 მეტრამდე იქნება. დამეწყრილი ადგილის დასათვალიერებლად დღეს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით წავედით. გვინდოდა ადგილზე დაგვეთვალიერებინა სიტუაცია, მაგრამ ნისლი იყო და ვერტმფრენმა ვერ მაოხერხა დაჯდომა", - განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.
თუშეთის საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს შპს „გერალი“ ინტენსიურად ახორციელებს. თუშეთის საავტომობილო გზის გახსნა, სავარაუდოდ, 10-15 ივნისს გახდება შესაძლებელი.