"იყო თუ არა „ბილაინის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში ელიტური კორუფციის ნიშნები’’
კომპანია „ბილაინი“ („ვიონი საქართველო“) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ კომისიამ „ბილაინი“ რამდენიმე დღის წინ სააბონენტო ნომრის მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გაცემის გამო მეორედ დააჯარიმა და 270 ათას ლარიანი ჯარიმა (პირველ ჯერზე 90 ათასი ლარი) დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილები მოხდა. კერძოდ, მიმდინარე წელს „სილქნეტი“ ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, აისახა თუ არა აღნიშნული გარიგება ბაზარზე, რა რესურსი/შესაძლებლობა აქვს ბაზრის მესამე ოპერატორ კომპანია „ბილაინს“, რათა კონკურენცია გაუწიოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ორ ყველაზე დიდ, გამსხვილებულ კომპანიას - „სილქნეტსა“ და „მაგთიკომს“, რომლებიც საკმაოდ მაღალ წილს იკავებენ, როგორც მობილურ, ისე სატელევიზიო და ინტერნეტ ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ „სილქნეტი“- „ჯეოსელის“ გაერთიანება/შერწყმის შემდეგ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ, ინვესტიციის განხორციელებისა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლისკენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემაც მოუწოდა.
რა გეგმები აქვს „მაგთიკომსა და „ბილაინს“, რამდენად შესწევთ კონკურენციის უნარი, გეგმავს თუ არა ინვესტიციების განხორციელებას „ვიონი საქართველო“ - ამ და სხვა კითხვებით „ბიზნესპრესნიუსმა“ კომპანიებს მიმართა.
„მაგთიკომში“ აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ კომპანია მიესალმება ჯანსაღ კონკურენციას და ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები.
კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ არც კომპანია „ბილაინში“ , თუმცა აღნიშნავენ, რომ კომპანია მუდმივად ვითარდება და უახლოეს მომავალშიც გეგმავს მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული სერვისების დანერგვას.
„ბილაინი საქართველო“ 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და ტექნოლოგიურად მუდმივად ვითარდება. განსაკუთრებით დინამიკურად კი სწორად ბოლო ორი წელია, რა დროსაც დავნერგეთ 3G და 4G ტექნოლოგია. ჩვენ სტაბილურად გვიკავია ბაზრის 23%-იანი წილი და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას, რაც მომხმარებლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს. თუმცა, ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო კონკრეტულ სიახლეებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ,“-აღნიშნავენ კომპანიაში.
რაც შეეხება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას, ინვესტიციის განხორციელებისა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით, „ბილაინში“ აცხადებენ, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე ღირებული შეთავაზების ანუ სხვა კომპანიის შერწყმის/ყიდვის შესაძლებლობის არსებობა, რის შემდეგაც მისი შეფასება და შესაბამისი გათვლების გაკეთება მოხდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა კონკურენციის გაწევის მიზნით კომპანიის მხრიდან ტარიფების ცვლილება ხომ არ არის მოსალოდნელი, თუმცა „ვიონი საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ამ კუთხით, კომპანიას ბაზარზე ისედაც საუკეთესო შეთავაზება აქვს“.
შეგახსენებთ, რომ „ბილაინი“ გასულ წელს ბაზარზე შპს „მობიტელის“ სახელით ოპერირებდა, მაგრამ რეესტრის 2017 წლის 5 დეკემბრის ამონაწერით უკვე შპს „ვიონი საქართველო“ ჰქვია.
ბოლო დღეებში მედიაში კომპანიის მიერ სახელის ცვლილებასთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, საუბარი იყო, რომ სახელის ცვლილებასთან ერთად კომპანიას ფუნქციაც შეეცვალა და ლაბორატორია გახდა, რაც მას ინვესტიციის განხორციელებას უზღუდავს. თუმცა, როგორც „ვიონი საქართველოში“ განაცხადეს, კომპანიას ფუნქცია არ შეუცვლია და სახელის ცვლილება მხოლოდ, „ვიონი ჯგუფის“ რებრენდინგის შედეგად მოხდა.
„კომპანია იყო და რჩება სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის ხმოვანი და ინტერნეტის მომსახურებების. შესაბამისად, ამ მიმართულებით კომპანიის განვითარებაც ჩვეულებრივ მიმდინარეობს,“-აღნიშნეს კომპანიაში.
მნიშვნელოვანია, რომ სახელის ცვლილების პარალელურად „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც შეიცვალა. კერძოდ, სახელის ცვლილების შემდეგ კომპანიის სამეთვალურეო საბჭოში თეიმურაზ არონია მერაბ შარანგიამ ჩაანაცვლა. საბჭოს დანარჩენი შემადგენლობა (ილია ჩულიუკინი, კრისტინა ტიხონოვა) კი უცვლელი დარჩა, ასევე არ შეცვლილა კომპანიის გენერალური დირექტორი ანდჟეი ედვარდ მალინოვსკი და მფლობელები, რომლებიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან. კერძოდ, კომპანიის 51%-იან წილს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“; 29%-ს - „ინვესტიკო ალიანსე“; ხოლო 20%-იან წილს - „მირენ ინვესტ“ ფლობს.
აღსანიშნავია, რომ შარანგიების გვარი კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მომენტშიც ფიგურირებს. კომპანიის შესახებ 1-ლი ინფორმაცია რეესტრში 2010 წლის 21 იანვრით არის დათარიღებული, სადაც მხოლოდ კომპანიის მფლობელები და ხელმძღვანელია მითითებული. უკვე 2010 წლის 15 თებერვლის ამონაწერში კი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც არიან მითითებულნი, რომელთა შორის ერთ-ერთი მერაბ შარანგიას ძმა, რეზო შარანგია და ლევან ყარამანიშვილია, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, წლების განმავლობაში არსებობდა ბევრი შეკითხვა „ბილაინის“ საქართველოში შემოსვლასა და მის მიერ ლიცენზიის საკმაოდ იაფად მიღებასთან დაკავშირებით.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა ლობირებდა თუ არა „მობიტელს” საქართველოში ლიცენზიის მიღებისას ყოფილი ხელისუფლება, ეს შეკითხვა უფრო აქტუალურია მას შემდეგ, რაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „მობიტელის” მფლობელი კომპანია „ვიმპელკომი” უზბეკეთში სერიოზულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. კომპანია უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვისთვის 2006-2012 წლების განმავლობაში 850 მილიონი დოლარის ქრთამის გადახდაში ამხილეს, რის სანაცვლოდაც ლიცენზია და სხვა შეღავათები მიიღო. იყო თუ არა „ბილაინის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში ელიტური კორუფციის ნიშნები და იყვნენ თუ არა ამასთან კავშირში ყარამანაშვილები და ძმები შარანგიები? - კომპანია „ბილაინს“ ამ კითხვებითაც მივმართეთ, სადაც საპასუხოდ განვიცხადეს, რომ „მათი კომპანია მოქმედებდა და მოქმედებს ყველა შესაბამისი კანონის დაცვით. კომპანიას დანერგილი აქვს და იცავს შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ეთიკის სტანდარტებს, რომელთა დანიშნულებაა ნებისმიერი შესაბამისი კანონისა და პოლიტიკის დარღვევის აღმოჩენა და პრევენცია, კომპანიის მუშაობის ყველა მიმართულებით“ . ფაქტია, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე „ბილაინმა“ ზოგადი პასუხი გაგვცა, ამიტომ ჩვენ ჟურნალისტური მოკვლევი ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას თუ როგორ მიიღო თავის დროზე ლიცენზია საქართველოში შემოსვლისას „ბილაინმა“.
სფეროს ექსპერტების შეფასებით, ბაზარზე ჯერ რამე კონკრეტული ცვლილება არ მომხდარა, ამიტომ შედეგებზე საუბარი რთულია. როგორც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ფაქტია, რომ ამ გარიგებას გარკვეული უარყოფითი შედეგი ექნება და ბაზარზე კიდევ ერთი მოთამაშე გაქრება, „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ კი ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
გიორგი კაპანაძის შეფასებით კი „ბილაინს“ არ აქვს იმის რესურსი, რომ სხვა კომპანიას გაურიგდეს ან შეისყიდოს, რადგან შედარებით დიდი პროვაიდერები „სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ „ჩაყლაპეს“ და ბაზარზე მხოლოდ მცირე პროვაიდერები დარჩნენ.
„ბილაინის“ ინტერნეტ ან სატელევიზიო ბაზარზე შესვლა რთულად წარმოსადგენია, რადგან თუ „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ სხვა კომპანიებს ყიდულობდნენ და მათ საქმიანობას აგრძელებდნენ, „ბილაინს“ ფაქტობრივად ახალი საქმიანობის ნულიდან დაწყება მოუწევს. თუ „ბილაინი“ საქართველოს ბაზარზე დარჩება, ის კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს. გამსხვილებული „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ შეეცდებიან მომხმარებელს გაერთიანებული პაკეტი შესთავაზონ. ეს ორი კომპანია ფაქტობრივად არც ცდილობს რეალურ კონკურენციას, უბრალოდ ბაზარზე არსებულ სიტუაციას მიყვებიან და მაღალი ტარიფებითა და მაღალი მოგების ფონზე აგრძელებენ ბაზარზე ოპერირებას,“- განაცხადა კაპანაძემ.
სატელეკომუნიკაციო ბაზარი ციფრებში
მობილური ოპერატორების ბაზარი 2018 წლის მარტის მონაცემებით„მაგთიკომი“ - 1,986,150 აბონენტი; საცალო შემოსავალი - 18,531,780.51 ლარი;
„ჯეოსელი“ - 1,807,974 აბონენტი; საცალო შემოსავალი - 14,504,332 ლარი;
„ბილაინი“ - 1,113,359 აბონენტი; საცალო შემოსავალი - 6,118,070 ლარი
ინტერნეტ- ბაზარი 2018 წლის მარტის მონაცემებით
მაგთიკომი - 316,143 აბონენტი;სილქნეტი - 278,559 აბონენტი;
სატელევიზო ბაზარი 2018 წლის მარტის მონაცემებით
მაგთიკომი - 264,215 აბონენტი;სილქნეტი - 214,146 აბონენტი