"ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება.
კალაძის თქმით, ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია.
„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა, რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ “, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება „ფეისბუქ“-რეკლამაზე დახარჯულ თანხებს, კალაძე აცხადებს, რომ „ალბათ, ამ თანხის დახარჯვის საჭიროება იყო“.
„მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.