თბილისში McDonald’s-ის მენიუსთვის განკუთვნილი ფუნთუშების ქარხანა აშენდება, რომელიც 2019 წლის იანვარში გაიხსნება.
ქარხნის პროექტი საქართველოში McDonald’s-ის წარმომადგენლობასა და პურ-პუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია Bake House-ს ეკუთვნის.
როგორც Bake House-ის მმართველი პარტნიორი ალექსანდრე რატიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქარხანა, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, ფუნთუშებით მთლიანად მოამარაგებს საქართველოში McDonald’s-ის ყველა რესტორანს და ასევე, ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გავა.
„ოცი წელია ფუნთუშებს ვაწარმოებთ და McDonald’s-ის ქართულ რესტორნებს ვამარაგებთ. ასევე, ვამარაგებდით აზერბაიჯანის McDonald’s-ებსაც, თუმცა 2009 წლიდან მათი მომარაგება შევწყვიტეთ. ახლა ვაკეთებთ პროექტს, რომ მთელი ამიერკავკასიის რეგიონი ფუნთუშებით მოვამარაგოთ.
ამ ეტაპზე ქართულ რესტორნებს ძალიან მცირე რაოდენობით ვამარაგებთ და მათ ძირითადად ფუნთუშები უკრაინიდან შემოაქვთ. ქვეყანაში McDonald’s-ის რესტორნების ქსელები საკმაოდ გაიზარდა, ასევე, აზერბაიჯანშიც იზრდება. მიმდინარე წელს სომხეთშიც McDonald’s-ის პირველი რესტორანი გაიხსნება. შესაბამისად, მოთხოვნა ფუნთუშებზე საკმაოდ მაღალია და ამიტომაც, გადავწყვიტეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დიდი ქარხნის აშენება, რომელიც McDonald’s-ის სტანდარტებს და ხარისხს მთლიანად დააკმაყოფილებს“, - აღნიშნავს რატიშვილი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარხნის პროექტირების სამუშაობი მიმდინარეობს.
„პროექტის განხორციელება დაწყებულია. სტანდარტი, რაოდენობები, ხარისხის შეთანხმება, მიწოდების სქემები - ყველა ეს დეტალი მუშავდება. ჯერ პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. შემდეგ უკვე სამშენებლო ნებართვის მიღება დაგვჭირდება და მშენებლობას დავიწყებთ. ჩვენი ვარაუდით, თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, 2019 წლს იანვრიდან ფუნთუშების ახალი ქარხანა ამუშავდება“, - აცხადებს Bake House-ის მმართველი პარტნიორი.
მისივე ინფორმაციით, ქარხანა, რომელიც ლილოში აშენდება, წლიურად 30 მილიონ ფუნთუშას გამოუშვებს.
„ვაპირებთ, რომ წლიურად 30 მილიონი ფუნთუშა გამოვუშვათ. დღესდღეობით აღნიშნული რაოდენობის ფუნთუშას მოიხმარენ McDonald’s-ის რესტორნები ყველა ცალკეულ ქვეყანაში. ყოველწლიურად გარკვეული პროცენტული მატების ხარჯზე, 10 წლის განმავლობაში ამ ქარხანამ უნდა შეძლოს ქართული ბაზრის სრული დაკმაყოფილება. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომარაგება“, - აღნიშნავს რატიშვილი.
ამასთან, ალექსანდრე რატიშვილის თქმით, წარმოებული ფუნთუშების ნახევარი ქვეყანაში დარჩება, ნახევარი კი - ექსპორტზე გავა.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც McDonald’s-ის ქართული რესტორნებისთვის მომარაგებას მთლიანად შეძლებენ და იმპორტს ჩაანაცვლებენ, ხომ არ იქონიებს მომავალში, McDonald’s-ის პროდუქციის ფასებზე გავლენას, მისი თქმით: „ფასებზე გავლენა რამდენად ექნება არ ვიცი. თავად კომპანია McDonald’s-ის გადასაწყვეტია, პროდუქციის ფასი დაიწევს თუ არა. თუმცა ჩვენს მიერ მიწოდებული ფუნთუშის ღირებულება მეტად შემცირებული იქნება, ვიდრე იმპორტირებულის. ქარხნის აშენება საქვეყნო მნიშვნელობის საქმეა. საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდებიან ადამიანები. ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის ექსპორტ-იმპორტის სალდო. საკვები პროდუქტის ექსპორტი საქართველოდან ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით ექსპორტზე“, - განმარტავს რატიშვილი.
ამასთან, რამდენიმე თვის წინ, „ბიზნესპრესნიუსთან“ ფუნთუშების ქარხნის პროექტზე თავად ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც საუბრობდა.
როგორც მაშინ ჭყონიამ განგვიცხადა, ფუნთუშების ქარხნის აშენების პროექტში დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაიხარჯება.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში წლის ბოლომდე McDonald's-ის 19 რესტორნით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ისინი 13 რესტორანს ფლობენ, მეთოთხმეტე რესტორანი ბათუმში, ერას მოედანზე მაისში გაიხსნება.
თეონა კენჭიაშვილი