ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება - 2 004 780 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ადგილზე გაეცნენ.
ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.