საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მაისის ბოლოს, თბილისში სახელი 15 ქუჩას შეეცვლება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, მათ კომისიაში სახელდებაზე ინიცირებულია 15 ქუჩა, რომელთაც დღემდე საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირებული პიროვნებების სახელები შემორჩათ.
საჯარო განხილვების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელები დაერქმევათ.
„ეს ქუჩები თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარეობს. მაგალითად, ჩუღურეთში გვაქვს „ცხრა ძმის“ ქუჩა და მოედანი, რომელთაც „რევოლუციონერი ძმადნაფიცების“ სახელი ჰქვიათ. მოსახლეობას დღემდე ჰგონია, რომ ისინი „ცხრა ძმა ხერხეულიძის“ ქუჩაზე ცხოვრობენ. ამიტომ, ჩვენ ამ ქუჩას „ცხრა ძმა ხერხეულიძის“ სახელს მივანიჭებთ. კრწანისის რაიონში კი გვაქვს „მირ ვეზიროვის ქუჩა“, რომელიც აზერბაიჯანელი რევოლუციონერი იყო. ასევე, კრწანისის რაიონში არსებობს რევოლუციონერის სერგო სურგულაძის ქუჩა. საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირებული, ამ ეტაპზე 15 ქუჩაა მოძიებული. ყველა მათგანს სახელი შეეცვლება. მათ დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელები დაერქმევათ“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე ქუჩა დაასახელა, რომელთაც სახელები შეეცვლება. კერძოდ, ამჟამად არსებულ „მირ ვეზიროვის ქუჩას“ ნიკოლოზ ჩხეიძის სახელი მიენიჭება, რომელიც 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის, ხოლო 1919 წელს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე იყო. სერგო სურგულაძის ქუჩას კი ევგენი გეგეჭკორის სახელი დაერქმევა (1918-21 წლებში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრის პოსტებს იკავებდა).
ამ საკითხებთან ერთად განიხილება ასევე „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევაც.
ნიბლოშვილის განცხადებით, აღნიშული ქუჩებისთვის სახელის შეცვლის შესახებ საკითხები 2 მაისს გამართულ კომისიის სხდომაზე განიხილეს. პროცედურულად 20 დღიანი ვადაა. 21-22 მაისს საჯარო განხილვა მოეწყობა და საკითხები საკრებულოს სხდომისთვის მომზადდება. სხდომაზე დამტკიცების შემდეგ ქუჩებს სახელი შეეცვლებათ.