"უვიზო მიმოსვლა არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული ნდობა, რაც აუცილებლად გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2017 წელს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების თაობაზე. კომისიის წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.
სხდომაზე ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. პრემიერის შეფასებით, შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
„გასაგებია ის ვნებათაღელვაც, რომელიც მოსახლეობაშია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რასაც ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ, აქტიურ ქმედებებს, რომლებიც პასუხობს ამ გამოწვევებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, რაც ვფიქრობთ, არა მხოლოდ მატერიალური მონაპოვარია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, არამედ ეს არის პოლიტიკური მონაპოვარი მთელი ქვეყნისთვის. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული ნდობა, რაც აუცილებლად გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.