გერმანელი ექიმები შაქრის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ

გერმანიის 2 მილიონზე მეტმა ექიმმა გერმანიის კანცლერს, მინისტრებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს წერილით მიმართეს, რათა გერმანიაში დიდი ოდენობით შაქრის მოხმარებასთან დაკავშირებით ბრძოლა ფედერალურ დონეზე დაიწყოს.

როგორც გერმანული Handelsblatt წერს, თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯების ანალოგიურად მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე დაწესდეს აქციზები და გადასახადები პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავს დიდი ოდენობით შაქარს (პირველ რიგში, საუბარია ტკბილ სასმელებზე), ასევე დაწესდეს შეზღუდვები ბავშვებზე მიმართულ რეკლამებზე. სხვა მხრივ, გერმანია სიმსუქნესთან ბრძოლაში დამარცხდება, - მიაჩნიათ წერილის ავტორებს.

ჯერჯერობით გერმანიის ხელისუფლებას ღია წერილზე რეაგირება არ მოუხდენია. უფრო მეტიც, მერკელის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიუთითოს მოსახლეობას, რა ჭამოს და რა - არა, არამედ გაძლიერებული პროპაგანდირება უნდა მოახდინოს ჯანსაღი კვების და მთლიანად ცხოვრების ჯანმრთელი წესის. თუმცა სოციალ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ გადასახადის დაწესება შაქარზე ცუდი არ იქნება.

გერმანელ აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ გერმანიამაც ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადადგას, რაც დიდმა ბრიტანეთმა, სადაც 6 აპრილიდან ამოქმედდა გაზრდილი გადასახადი ტკბილეულზე და ლიმონათებზე. მსგავს გზას ირჩევენ საფრანგეთი, პორტუგალია, მექსიკა, ჩილე, შრი-ლანკა და ვიეტნამი.

კოკა კვირკველია