"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, გუგული მაღრაძე პარლამენტში ინიცირებული "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებებისა და ჭარბწონიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
საინტერესოა, როგორი სამუშაო გამოცდილება, განათლება და კაპიტალი აქვს მას?
2017 წლის დეკემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ქობულეთში 2011 წელს 5 000 დოლარად შეძენილ ავტოფარეხს, 1997 წელს სოფელ ლისტში ნაჩუქარ 640 კვ.მ მიწის ნაკვეთს, 2011 წელს ქობულეთში 35 000 დოლარად შეძენილ ბინას, ასევე 2002 წელს ზესტაფონში 2 000 ლარად შეძენილ ბინასა და 1966 წელს თბილისში 4 000 რუბლად შეძენილ ბინას ფლობს.
2016 წელს გუგული მაღრაძემ 7 500 დოლარად 2012 წლის Volkswagen Passat-იც შეიძინა.
რაც შეეხება პარლამენტის წევრის ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას მის ანგარიშებზე შემდეგი რაოდენობით თანხა ფიქსირდებოდა: ანაბარი "თიბისი ბანკში" – 7 501 ლარი; "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიში - 82,08 ლარი; "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიში - 2611,83 ლარი; ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიში - 1469,5 ევრო; ასევე "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიში 736,84 დოლარი და 790,32 ლარი. გუგული მაღრაძეს ანგარიშები "ქართუ ბანკშიც" აქვს. კერძოდ, სახელფასო ანგარიში - 9 401,25 ლარი და 9,21 ევრო.
გუგული მაღრაძემ 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე ხელფასის სახით სულ 17 418,5 ლარი მიიღო, საქართველოს პარლამენტის წევრის პოზიციაზე კი 56 102,95 ლარი.