მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ჩინეთს ჰყავს. ამ ქვეყნის ანგარიშზე 248 მილიარდერით მეტია, ვიდრე მეორე ადგილოსან ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
Hurun Global Rich List-ის მიხედვით, ჩინეთში 819 მილიარდერია, მაშინ როცა ამერიკაში ეს ციფრი 571-ია, ინდოეთზე მოდის - 131 და დიდ ბრიტანეთზე - 118, ხოლო აქედან 70 მხოლოდ ლონდონზე მოდის. წელს შეძენილი 31 მილიარდერის შედეგად, ინდოეთმა გერმანიას აჯობა, რომელიც ამჟამად რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა 114 მილიარდერით. ცნობისათვის, ინდოეთის მაჩვენებელში არ შედიან ინდური წარმოშობის მილიარდერები, ასეთის შემთხვევაში მათი რიცხვი 170 იქნებოდა. მეექვსე ადგილზე 83 მილიარდერით არის შვეიცარია, 71 მილიარდერი ცხოვრობს რუსეთში, 51 - საფრანგეთში და 49-49 ბრაზილიასა და კანადაში.
საერთო ჯამში, მსოფლიოში 2,694 მილიარდერი ირიცხება, რაც 437-ით მეტია გასული წლის მონაცემზე. მათი საერთო ქონება კი გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 10,5 ტრილიონი დოლარი. მსოფლიო მილიარდერების 65% კი მილიარდერების „დიდ ხუთეულზე“ (ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) მოდის.
კოკა კვირკველია