რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკა ირანის წინააღმდეგ მორიგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ეს გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა და განაცხადა, რომ „ამერიკა ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გადის“.
ამასთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.
„ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ირანის რეჟიმი სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ირანის რეჟიმი აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ე.წ. ირანის შეთანხმებას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები, ირანმა კი, ამის მიუხედავად ურანის გამდიდრება განაგრძო. „ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დადებული. ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ თუნდაც ირანმა ის რომ დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. მან მოუწოდა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანზე სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს.
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გასვლა და ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესება პირველ რიგში ნავთობის ფასზე აისახება. ეკონომიკური სანქციები, რომელიც 2012-დან 2015 წლამდე მოქმედებდა, თეირანს ნავთობის იმპორტის შესაძლებლობას უზღუდავდა, რაც თავის მხრივ, მსოფლიო ბაზარზე „შავ ოქროს“ აძვირებდა. გლობალურ ბაზარზე ირანული ნავთობის მიწოდების ზრდის შემდეგ საწვავი გაიაფდა, დღეს კი ტრამპის გადაწყვეტილება, როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, პირველ რიგში სწორედ ნავთობის ფასზე აისახება. მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარსაც კი მიაღწიოს.
სხვადასხვა მონაცემებით, დღეს ირანი 24 საათის განმავლობაში 1-დან 3 მილიონ ბარელამდე ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. გლობალური ბაზრებისთვის ამ მოცულობის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მის ღირებულებაზე გავლენას იქონიებს.
ეს სამომავლოდ, ტრამპის დღევანდელ განცხადებას კი საერთაშორისო ბაზრებზე სერიოზული ნეგატიური გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია, თუმცა ნავთობის გაიაფება მცირედით შეანელა. თუ ტრამპის განცხადებამდე Brent-ის ტიპის საწვავსა და WTI--ის მარკის ნავთობზე ფასები დაახლოებით 2,3-2,8%-ის ფარგლებში მცირდებოდა, ამერიკის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კლება შენელდა. შედეგად, ივნისის ფიუჩერსების ფასიც 0,9-1,6%-ის ფარგლებში შემცირდა. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის საწვავი 75,52 დოლარია ბარელზე, WTI-ის მარკის კი 69,55 დოლარი.
რა რეაგირებას მოახდენს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ეს სამომავლოდ გაირკვევა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ექსპერტთა ვარაუდი გამართლდეს და ნავთობის ფასმა აღმასვლა დაიწყო.
ცნობისათვის, ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები 2012 წელს დაწესდა, რის შედეგადაც ირანი ნავთობს ძირითადად შიდა ბაზრისთვის აწარმოებდა. 2015 წლის ზაფხულში ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ირანმა და "ექვსეულმა" (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებდა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე, 15 წელი არ ექნებოდა წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე. მაშინ ოფიციალურმა თეირანმა პირობა დადო, რომ ურანს 15 წლის განმავლობაში 3,67%-ზე მეტად აღარ გაამდიდრებდა და ურანის გასამდიდრებელ ქარხანა "ფორდოს" ტექნოლოგიურ ცენტრად გადააქცევდა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სანქციები გაუქმდა, შედეგად კი ირანი ნავთობის გლობალურ ბაზრებზე დაბრუნდა.
ელზა წიკლაური