ჯეფ ბეზოსი Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირების ხუთეულშია

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ყველაზე გავლენიანი ადამიანების ხუთეულში მოხვდა.

ჟურნალმა „Forbes “-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბეზოსი მეხუთე ადგილზეა და მის წინ მსოფლიოს ლიდერები არიან.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, რეიტინგის ლიდერი შეიცვალა და ის არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინია. გამოცემა აღნიშნავს, რომ სი ძინპინის მაღალი რეიტინგი განპირობებულია თანამედროვე ჩინეთისთვის არნახული სახელისუფლებო უფლებამოსილებით, რომელიც თავმოყრილია ერთი ადამიანის ხელში.

რუსეთის ლიდერმა ამ სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მესამე ადგილზე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. მეოთხე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ათეულში ასევე მოხვდნენ რომის პაპი, ბილ გეითსი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი და „ალფაბეტის“ ხელმძღვანელი ლარი პეიჯი.

სულ რეიტინგში 75 პირია შეყვანილი, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პირველად მოხვდნენ ამ ჩამონათვალში. ასეთებს შორის არის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი მერვე ადგილზე, ამერიკის ფედერალური რეზერვის თავკაცი ჯერომ პაუელი მე-11 ადგილზე, მეთორმეტეზე ემანუელ მაკრონი, ჯან კლოდ იუნკერი 33-ზე, ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი(50) სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი(54) და სხვები.

კოკა კვირკველია