თბილისის მერია „სიტი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. განცხადების განხილვის ბოლო ვადა 11 მაისია. რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, ის 800 ათასი ლარია.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, „სი-ტი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვიტა, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია. კომპანიამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს დავის წარმოებას.
„არსებული სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელება მოითხოვს სათანადო სამართლებრივ ცოდნასა და კვალიფიკაციას, მათ შორის, საერთაშორისო საინვესტიციო სამართლისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების იურიდიული კომპანიისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე შპს „სი-ტი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის თბილისის მთავრობისთვის წარდგენა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის მთავრობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სი-ტი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის/კორესპონდენციის წარმოება, წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესასყიდი მომსახურების პერიოდი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ „სიტი პარკთან“ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ცალმხრივად შეწყვიტა. კომპანიამ კი მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა.