დედაქალაქის მერიამ მეტეხისა და გალაკტიონის ხიდების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 მაისს იწყება და 21 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50-50 ათასი ლარია.
„რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდზე წყალმოცილების სისტემა; რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდის ჰიდროიზოლაცია თანამედროვე მასალების გამოყენებით; რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდის მცირე მალის თაღის ქვედა ზონა; რეაბილიტაციას საჭიროებს დიდი მალის თაღის კონსტრუქციების დამცავი შრე; რეაბილიტაცის საჭიროებს მარცხენა ნაპირის ზემომხრის მიწაყრილის დამცავი საფარი. ხიდზე განათების პროექტის მომზადება დამკვეთთან შეთანხმებით,“-აღნიშნულია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მოსამზადებელ პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში.
გალაკტიონის ხიდის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რეაბილიტაციას საჭიროებს - მისასვლელი მიწაყრილი მარცხენა ნაპირზე; რეაბილიტაციას საჭიროებს თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი; გამოტუტვის ლაქებისაგან გასაწმენდია ხიდის მოპირკეთების ქვები; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ტროტუარის კონსოლების ბეტონი; გასაწმენდია ხიდის წყალმოცილების სისტემა; რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდზე არსებული არქიტექტურული ელემენტები; ხიდზე უხამსი გრაფიტისაგან გასაწმენდია მოპირკეთების ფილები; აღდგენას საჭიროებს ხიდის სამომსახურეო შესასვლელები (დალუქულია ყველა ჩასასვლელი ჭა). ასევე გათვალისწინებულია დამკვეთთან შეთანხმებით, ხიდზე განათების პროექტის მომზადება.