თბილისის საკრებულომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების შეზღუდვის ვადა დაადგინა. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება 4 მაისს მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიზღუდა: განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება; დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა; დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა დადგენილი ფუნქციური ზონების ცვლილების მიზნით და მიწის ნაკვეთების ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა).
„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება - საცხოვრებელ ზონებზე, რომლისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა და განაშენიანების სავალდებულო ხაზები; მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის; ასევე მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე,“-ნათქვამია საკრებულოს გადაწყვეტილებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 თვით იმოქმედებს.
ცნობისთვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოსური განაშენიანების საკითხს მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და ამ ტერიტორიაზე განაშენიანების შეზღუდვაც დააანონსა.