თურქეთის ელჩი - "როგორც წესი, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ნებადართული არ არის, მაგრამ საქართველოსთვის გამონაკლისს ვუშვებთ"

გვინდა, რომ ეს სამუშაო რეგისტრირებული გახდეს და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე მიდიან, კანონით იქნებიან დაცულები , - ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა Allnews.ge-ის თურქეთში საქართველოს მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებზე წასვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

მისი შეფასებით, საჭიროება რომ არ იყოს, ქართველები თურქეთში სეზონურად სამუშაოდ არ წავლენ. ფატმა სერენ იაზგანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლა როგორც წესი ნებადართული არ არის, თუმცა საქართველოსთვის გამონაკლისს უშვებენ.

"თუ ამის საჭიროება არ არის, თუ არ არის ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება, ასეთი რამ არ მოხდება. რაც მინდა ამასთან დაკავშირებით თურქეთში გაკეთდეს, არის ის, რომ გვინდა, რომ ეს სამუშაო დავარეგისტრიროთ და ადამიანები, ვინც თურქეთში სამუშაოდ სეზონურად მიდიან, კანონითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით დაცულები იქნებიან და მათი უფლებები დაცული იქნება. ასე რომ, ჩვენი ემიგრაციის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ყველგან გააკრეს, ეს არის საინფორმაციო ფურცლები იმ ადამიანებისთვის, ვინც სეზონურ სამუშაოზე თურქეთში მიდიან. როგორც წესი, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ნებადართული არ არის, მაგრამ საქართველოსთვის გამონაკლისს ვუშვებთ. თურქეთში მხოლოდ აჭარიდან არ მიდიან და რასაც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს გახდეს ოფიციალური, რეგისტრირებული და კომფორტული, რადგან საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე გასავლა მაინც მოხდება", - განმარტა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. იხილეთ სრულად