სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამომძიებლებმა ე.წ. „რუსული საქმის“ ძიების ფარგლებში რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ვექსელბერგი დაკითხეს.
საქმე ეხება ასი ათასობით დოლარის ტრანზაქციას, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის მაიკლ კოენის სასარგებლოდ გადარიცხეს, - წერს CNN წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, კოენისთვის თანხის გადახდა სავარაუდოდ, ვექსელბერგთან დაკავშირებული კომპანია Columbus Nova-დან მოხდა. ამის გარდა, გამომძიებლებმა ბიზნესმენს დაუსვეს კითხვები მისი ამერიკელი ბიძაშვილის ენდრიუ ინტრატერის მხრიდან დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ფონდში 300 ათასი დოლარის შემოწირულობასთან დაკავშირებით, რომლის გადარიცხვაც მოხდა მისი კომპანია Columbus Novа-დან. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე ასევე დაკითხეს ინტრატერიც.
როგორც არხი იუწყება, თანხის გადახდის მიზანი, რომელიც წინ უძღოდა ვექსელბერგის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, და ვექსელბერგსა და კოენს შორის საქმიანი ურთიერთობის შინაარსი, გაურკვეველია.
მანამდე New York Times-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ ცდილობდნენ სპეცპროკურორის გამომძიებლები ვექსელბერგის დაკითხვას ნიუ იორკის აეროპორტში. გაზეთი დასძენდა, რომ მილიარდერი იმყოფებოდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე.
კოკა კვირკველია