თბილისში, ქვემო ალექსეევკაში ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ქარხნის საზეიმო გახსნის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.
ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია.
ფონდში აცხადებენ, რომ ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანაა. ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.)
ამასთან, ფონდის ინფორმაციით, პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს.
პროდუქციის პოტენციური მყიდველები მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები იქნებიან.
„ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. თავდაპირველად თანამშრომლების ნაწილის დაკომპლექტება მოხდება მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით ისრაელის არსებული ქარხნიდან. აღნიშნული თანამშრომლები არიან პასუხისმგებლები ადგილობრივი თანამშრომლების გადამზადებასა და ზედამხედველობაზე. ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია, რომლებმაც ტრეინინგები ისრაელში ELBIT-ის არსებულ ქარხანაში (ჰაიფა, ისრაელი). გაიარეს, წლის ბოლომდე ჯამში 70 გადამზადებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გვეყოლება. რამდენიმე წლის შემდეგ ქარხანაში დასაქმებულთა 100% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან (ისევე, როგორც ეს მოხდა ELBIT-ის ქარხანაში, რომელიც მდებარეობს რუმინეთში და უშვებს მეტალის კონტრუქციებს).
ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს. მანამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალები მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება“, - აცხადებენ ფონდში.
პროექტის ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია.