იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა, დოლარის ინდექსმა კვლავ განაახლა ბოლო ოთხი თვის რეკორდული მაჩვენებელი.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი ვალუტის მიმართ ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.32 პროცენტით, 93.24-მდე გაიზარდა. ეს კი 19 დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
დოლარის კურსის გამყარებას ყველაზე მეტად, კვლავაც შეერთებული შტატების 10-წლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების მომგებიანობის ზრდა უზრუნველყოფს. მათი მომგებიანობა უკვე ასცდა ფსიქოლოგიურ, 3-პროცენტიან ზღვარს და ზრდას განაგრძობს. ამის მთავარი მიზეზი კი ნავთობის ფასის ზრდაა, ეს კი ინფლაციის მომატებას უწყობს ხელს.
გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა, რამაც ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტის გაღვივების საშიშროება წარმოქმნა. გარდა ამისა, შეთანხმებიდან გასვლას აუცილებლად მოჰყვება ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება, რაც ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირების საშიშროებას ქმნის. ეს კი ნავთობზე ფასს გაზრდის.
დოლარი იენთან წყვილში ბოლო ოთხი დღის მაქსიმუმს (109.81) მისწვდა და ახლოსაა ბოლო ოთხი თვის რეკორდულ მაჩვენებელთან (110.03). გარდა ამისა, ამერიკული ვალუტა ევროსთან წყვილშიც მყარდება, რომელზეც თავის მხრივ, იტალიაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა და ეკონომიკის მოსალოდნელზე უარესი სტატისტიკური მონაცემები ასუსტებს. ამ დილით ევროს ფასი 1.1820 დოლარამდე შემცირდა, რაც დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ევროზონის ეკონომიკის სუსტი სტატისტიკური მაჩვენებლები ამცირებს იმის ალბათობას, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი სექტემბერში ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას შეწყვეტს. ეს გარემოება კი ევროს კურსს ასუსტებს.
დოლართან წყვილში ბრიტანული სტერლინგიც კლებულობს. სამშაბათს სტერლინგის ფასი 1.3482 დოლარამდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ კორექციული წყვილი კორექციის ფაზაში გადავიდა და ამჟამად ერთი სტერლინგი 1.3585 დოლარი ღირს. სტერლინგის ვარდნა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ინვესტორებს, ინგლისის ბანკის მიერ სტერლინგზე განაკვეთის ივნისში გაზრდის მოლოდინი გაუნელდათ.