საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ არ დაუშვებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დეფიციტს, იმ შემთხვევაში, თუ ირანის წინააღმდეგ ამერიკა ახალ სანქციებს დააწესებს, რომელიც მის სანავთობო ექსპორტს შეზღუდავს.
ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალედ ალ ფალეჰმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ამერიკის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მე მსურს დაგიდასტუროთ ჩვენი მზადყოფნა ბაზარზე სტაბილურობისთვის როგორც მომხმარებლების, ასევე მწარმოებლებისთვის. საუდის არაბეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს „ოპეკის“ წევრ ქვეყნებთან და ჩვენ მზად ვართ ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტის ნიველირება მოვახდინოთ“, - დაწერა მან.
ალ ფალეჰმა პირობა დადო, რომ მომდევნო დღეებში კონსულტაციებს გამართავს ნავთობის უმსხვილეს მწარმოებლებთან და მომხმარებლებთან და ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე მუდმივ კავშირზეა მის ამერიკელ და რუს კოლეგებთან.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. ამასთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა. მან მოუწოდა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანზე სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს.
კოკა კვირკველია