თბილისის მერია თვეში 12 000 ლარს იხდის კომპანია „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის სამ სართულში, სადაც 109-ე საბავშვო ბაღია განთავსებული , - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, „დირსის“ სამი სართული იჯარით აქვთ აღებული და 109-ე ბაღის აღსაზრდელები იქ მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში იქნებიან.
„ჯერჯერობით, 109-ე ბაღის შენობაზე ჩასატარებელია დეტალური ექსპერტიზა. პირველადმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იქ ბავშვების გაჩერება არ შეიძლება. დეტალური ექსპერტიზით გადასაწყვეტია, შენობის გამაგრება უფრო რენტაბელურია თუ მისი დემონტაჟი და ახლის აშენება. განცხადებები, რომელიც იმ დროს გააკეთეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოადგილემ და დეპუტატებმაც, იყო, რომ ეს ბაღი დაინგრევა და ახალი აშენდება. იმისთვის, რომ ეს პროცედურები განხორციელდეს, ჯერ პროექტირებაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომელსაც დაახლოებით 6 თვე სჭირდება. ტენდერის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთი წელი უნდა მშენებლობას“, - აცხადებენ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, N109 ბაგა-ბაღი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მისი ავარიულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა, რომლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სააღმზრდელო პროცესი დაუყოვნებლივ შეწყდა.