პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას ვეღარ შეძლებს.
ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ახალ დებულებაში.
როგორც ცნობილია, ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტი შეიმუშავა.
დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.
დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს/თანამსესხებელს შემოსავალი არ აქვს და არც მისი გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.
„როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც მისმიერ როგორც საცხოვრებელი გამოიყენება,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.