დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ავტოპარკიც უნდა განახლდეს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საქართველოში დღეს დიზელის საწვავთან დაკავშირებით მოქმედებს დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილება , რომლის მიხედვითაც დიზელის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 100 მგ/კგ; სიმკვრივე 150C - არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11%.

მთავრობის დადგენილებაშივე აღწერილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 50 მგ/კგ-მდე, რაც ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ხარისხობრივი მოთხოვნები ჩვენს ქვეყანაში დიზელის საწვავთან დაკავშირებით. მაგალითად 2012 წელს მოქმედი ხარისხობრივი მოთხოვნების თანახმად დიზელის საწვავის შემადგენლობაში გოგირდის შემცველობა უნდა ყოფილიყო - არაუმეტეს 300 მგ/კგ.

დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ის გახდება ევრო 5-ის შესაბამისი, კერძოდ, მასში გოგირდის შემცველობა იქნება არაუმეტეს 10 მგ/კგ-სა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის ხარისხთან დაკავშირებით კანონდარღვევის შემთხვევაში, როდესაც ის არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ჯარიმა შეადგენს: ავტოგასამართი სადგურის შემთხვევაში - 8 ათას ლარს, იმპორტის განხორციელების დროს - 10 000 ლარს, გადამუშავების დროს - 9 000 ლარს.

ბოლო წლების განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმეჯერ განახორციელა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი და მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 3 შემთხვევაში დაფიქსირდა კანონდარღვევა. კერძოდ, რეალიზებულ საწვავში გოგირდის შემცველობა აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ესენი იყო ე.წ. არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები. რაც შეეხება რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობას, ოფიციალურად ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, იმპორტირებული იყო თუ ადგილზე წარმოებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ადგილობრივი მცირე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო.

საქართველოში ფაქტობრივად, დღეს რეალიზაციაში არის ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი და აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული ევრო 4-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი.

სახელმწიფოში საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისი გეგმის მიხედვით ხორციელდება და შეიძლება ითქვას, რომ სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. კერძოდ, დღეს საქართველოში ბენზინზე გვაქვს ევრო 5-ის ტიპის შესაბამისი სტანდარტი. რაც შეეხება დიზელის საწვავის სტანდარტს, ის მომავალი წლიდან ხდება ევრო 4-ის შესაბამისი და შემდგომში კიდევ უფრო უმჯობესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ რეგისტრირებულია 1 228 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლიდანაც დაახლოებით 28-30% შეადგენს დიზელის საწვავზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

აქვე უნდა შევეხოთ ავტომობილების ეკოლოგიურ სტანდარტს, საქართველოში ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე ეკოლოგიური სტანდარტი არ არსებობს. დადგენილი არის მხოლოდ ეკოლოგიური სტანდარტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების გასავლელად.

ავტომობოლების ეკოლოგიური სტანდარტი არეგულირებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას. სტანდარტის ძირითადი მაჩვენებელია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის დონე, რომლებშიც შედის: ნახშირჟანგი (CO), აზოტის ოქსიდები, ნახშირწყალბადები და სხვა.

2014 წლის 1 აპრილიდან აზერბაიჯანი გადავიდა ევრო-4 ეკოლოგიურ სტანდარტზე, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე შეზღუდვას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ევრო 4-ის ეკოლოგიურ სტანდარტს. სტანდარტის შემოღების შემდეგ აიკრძალა აზერბაიჯანში 2005 წელს ზევით წარმოებული ავტომობილების იმპორტი ევროპიდან, 2004 წელს ზევით წარმოებული ავტომობილების იმპორტი აშშ-დან.

რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს ევრო-4-ის სტანდარტი როგორც ადგილობრივ წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ ავტომობილებზე. 2016 წლის 1 იანვრიდან კი მოქმედებს ევრო-5 სტანდარტი.

დიდი ხანია მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ასევე ჩვენს მეზობელ თურქეთში.

ყაზახეთში დღეს მოქმედებს ეკოლოგიური სტანდარტი ევრო-5 ახალ ავტომობილებზე, ხოლო მეორადზე - ევრო 4-ის სტანდარტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან შემოდის ძველი სატრანსპორტო საშუალებები. ძირითადად სხვადასხვა კატეგორიის სამშენებლო, სასოფლო და სპეციალური დანიშნულების გამოყენების ავტოტრანსპორტი, რომლებიც ყაზახეთში ამოღებულია ხმარებიდან.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესებას პარალელურად თან უნდა ახლდეს საავტომობილო პარკის განახლება. განსაკუთრებით ცუდი ვითარება გვაქვს დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან. ესენი არის ძირითადად ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე ეკოლოგიური სტანდარტი, საქართველოში ხდება შეუზღუდავად მოძველებული, შეიძლება ითქვას, ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი. ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტოპარკის 46% შეადგენს 20 წელზე ძველ სატრანსპორტო საშუალებებს, 45% - 11-20 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 5,4% - 7-10 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 2,3% - 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, 1,3 % - 1-3 წლის სატრანსპორტო საშუალებებს. ანუ ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი - 91% - 2007 წლამდეა წარმოებული.

ეს ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება განვიხილოთ როგორც გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. ამიტომ სასურველი იქნება, რომ დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, ასევე შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვეროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებში საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ვითარდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი. ზოგიერთ ქვეყანაში, სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი ასწრებდა კიდეც საწვავის ხარისხობრივ სტანდარტს.