დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოში ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრის ელი კოენის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის დაახლოება. მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.