ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამუშაო არეალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მთის კურორტების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

ბაკურიანში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების არასრული ჩამონათვალი შემდეგია: ქუჩების და ტროტუარების, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცეების მშენებლობა, ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა, მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მოწყობა.

ეს პროექტები საბიუჯეტო თანხებით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამუშაოს დიდი ნაწილი ზამთრის სეზონის დადგომამდე უნდა მოესწროს.

„ბაკურიანში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ადგილზე დეტალურად გავიაროთ ყველა საკითხი და დავგეგმოთ სამუშაო პროცესი, რომელიც ახლავე უნდა დავიწყოთ, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. არის პრობლემური პროექტები, მაგალითად, წყალმომარაგების ქსელი, სადაც კონტრაქტორმა მიატოვა სამუშაო და ეს საკითხი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დროულად უნდა მოვაგვაროთ. ყოველწლიურად, ტურისტების მატებასთან ერთად, ჩვენთვის გამოწვევაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის ისე გამართვა, რომ დამსვენებლებს წესრიგი და კომფორტული გარემო დახვდეთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.