ბრიტანულმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Aston Martin-მა სუბბრენდ Lagonda-ს აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი Lagonda - ეს იქნება სრულიად „რადიკალური“ დიზაინის მქონე ელექტროძრავიანი კროსოვერი, რომლის წარმოებაც 2021 წლიდან დაიწყება და რომელიც კონკურენციას გაუწევს ასევე მდიდრულ ბრიტანულ ჯიპებს Rolls-Royce Cullinan-სა და Bentley Bentayga-ს.
114-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი გეგმავს ცალკე მდგომი ფუტურისტული და მაღალტექნოლოგიური მდიდრული ავტომობილების წარმოებას Lagonda-ს ბრენდის ქვეშ. კომპანიამ ამ კონცეფციის ფარგლებში უკვე მარტში წარმოადგინა Lagonda Vision Concept-ი ჟენევის ავტოსალონზე.
ვიდრე პირველ სერიულ კროსოვერს ვიხილავდეთ, კომპანიამ თიზერი გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ ის იმეორებს Lagonda-ს სტრუქტურულ ხაზს. როგორც კომპანიის მთავარმა დიზაინერმა მარეკ რეიხმანმა განაცხადა, Lagonda-ს მოდელები მდიდრულ კლასში თამაშის წესებს შეცვლიან.
გარდა იმისა, რომ ავტომობილი ელექტროძრავს მიიღებს, ის აღიჭურვება „მომავლის ტექნოლოგიებით“ და იქნება ძალზედ მდიდრული. მომავლის ტექნოლოგიებში იგულისხმება ნახევრად ავტონომიურობა, რომელზეც „სილიკონის ველში“ მოქმედი ამ დროისთვის გაუხმაურებელი კომპანია მუშაობს. ბრიტანელების განცხადებით, თითოეული ავტომობილის წარმოება მოხდება ხელით.
„Lagonda SUV - ეს იქნება პირველი განსაკუთრებული, მაღალი წარმადობის, 4x4-ზე ავტომობილი, რომელშიც გაერთიანებულია ტექნოლოგიის სიყვარული, მდიდრულობა და სტილი“, - აცხადებენ კომპანიაში.
კოკა კვირკველია