საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ დაგეგმილისაკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა არაერთი ქვეყნის მაგალითი.
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მათ მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია - ესაა უზრუნველყოფის წვდომა.
„აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად წყვეტს. პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია და ძალიან კარგი შედეგი აქვს, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მექანიზმია. ფონდის ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულ ბანკში მიდის სესხის ასაღებად, კომერციულ ბანკს საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიზნესს წვდომა ძალიან უადვილდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 9 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით მოიწვია.
„შარშან თურქეთს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ამ ზრდაში 2 % სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემის დამსახურება იყო - თურქეთში დღეს საკრედიტო-საგარანტიო სქემას 225 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა, თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი მექანიზმი მუშაობს - ასეთი ინსტრუმენტი მხოლოდ ევროპის მასშტაბით 26 ქვეყანაშია დანერგილი, რაც ძალიან ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში მთავრობას ძალიან აქტიური კონსულტაციები ექნება ყველა დაინტერესებულ პირთან.
„სწორედ ამიტომ არიან ჩართულები სამუშაო პროცესში ეროვნული და კომერციული ბანკები, ახლა ვმუშაობთ ფონდის დიზაინზე. როგორც ვფიქრობთ, ფონდის დიზაინის მიხედვით - ერთი მესამედი უნდა იყოს სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ერთი მესამედი - ბანკების, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირი, რათა გვქონდეს ფონდის საუკეთესო მართვა, შესაბამისად მივიღოთ საუკეთესო შედეგი და ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირშია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ფონდის ბიუჯეტს, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობას უფრო დაზუსტებული ხედვები, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი და სახელმწიფომ რისკის რა თანაგაზიარება უნდა გააკეთოს.
„მთავარი ის არის, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კრედიტის აღებაში“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.