ასეთი ცუდი სეზონი მარწყვის ბიზნესს არ ჰქონია

გლეხებმაც იზარალეს, ვაჭრებმაც და მყიდველმაც

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, მარწყვის ფასი ბოლო წლების პიკზეა. ხანგრძლივი წვიმების გამო, მოსავალი უხარისხო და განახევრებულია. შეიძლება ითქვას, წლევანდელი სეზონი ჩავარდა, რაც ფერმერებმა და მეხილეებმაც აღიარეს. უამინდობის გარდა, მოუსავლიანობის მიზეზად ისინი ტექნიკის უქონლობასაც მიიჩნევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მთავარ აქცენტს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე აკეთებს, მეხილეობის რამდენიმე დარგი წელსაც სახელმწიფო პროექტების მიღმაა. სპეციალისტების თქმით, მარწყვი ჯერ კიდევ მამაპაპური მეთოდებით მოჰყავთ, რაც დარგის განვითარებას აფერხებს.

პრობლემაა ყველგან, სადაც მარწყვი ხარობს. ამ მხრივ განსაკუთრებით კახეთის რეგიონი გამოირჩევა, რადგან მოსავალი დიდად დაზიანდა.

გლეხების ინფორმაციით, გაზაფხულის პირზე კახეთში მარწყვის დიდი მოსავალი იყო, თუმცა ყინვამ ნარგავები ყვავილობის პერიოდშივე სერიოზულად დააზიანა. განსაკუთრებით კარდენახი დაზარალდა, სადაც მარწყვის მოსავალზე დიდ იმედს ამყარებდნენ.

კახეთის სავარგულების დაახლოებით 15% მარწყვის კულტურას უკავია. ამინდის გარდა, მოუსავლიანობაზე დიდ გავლენას ტექნიკის უქონლობაც ახდენს.

მეხილეობის სფეროს წამყვანი სპეციალისტი გოჩა ზენაიშვილი განმარტავს, რომ სეზონურ ბიზნესში მარწყვის კულტურა ყველაზე მომგებიანია, მაგრამ ხელშეწყობის გარეშე, მარტო გლეხების იმედად გაწეული შრომა უშედეგოა.

”სამწუხაროდ, მარწყვი ბოლო წლებში მომგებიანი აღარ არის, ბევრი სხვა ფაქტორიცაა, რის გამოც საქართველოში მარწყვის კულტურა ვერ განვითარდა. ელემენტარულად ჩამბარებელი პუნქტები არ არის და გლეხები მთლიანად სამომხმარებლო ბაზრების იმედად არიან. იშვიათად გადამამუშავებელი ქარხნები იბარებენ, მაგრამ ესეც ქაოსურად ხდება. გლეხს პროდუქტის ჩასაბარებლად აქეთ-იქით უწევს სირბილი, რომ მარწყვი გაასაღონ. არის შემთხვევა, როდესაც ქარხნების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ ჩაიბარეს მოსავალი, მეორედ ფერმერს უარს ეუბნებიან. არაორგანიზებული პროცესია, რაც რეალიზაციას აფერხებს”,- ამბობს ზენაიშვილი.

სადაც კი მარწყვი მოჰყავთ, არსად ახალი ტექნოლოგია არ არის და ყველგან ტრადიციული მეთოდი გამოიყენება. ზენაიშვილის განმარტებით, კახეთში მოსავალი ყველაზე უხვად მოდის გურჯაანსა და ყვარელში. იმერეთში კი ცნობილია სამტრედიის მარწყვი, ის მოჰყავთ ხონსა და ქუთაისის მიმდებარე სოფლებშიც, მცირე ოდენობით ლანჩხუთსა და ქობულეთში.

”სეზონმა წელს ვერსად გაამართლა. იმის გამო, რომ თანამედროვე ტექნოლოგია არ გამოიყენება, მრაწყვის ბიზნესი მოგების ნაცვლად, ზარალდება. სულ რამდენიმე დღე დარჩა მოსავლის მოლევამდე, მაგრამ წელს ვერავინ იხეირა”, - დასძენს ზენაიშვილი.

სამომხმარებლო ბაზარზე 1 კილოგრამი მარწყვი 3,50-4 ლარად იყიდება. დაახლოებით ამდენივე იყო მისი ფასი ორიოდე კვირის წინაც. შეიძლება ითქვას, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მარწყვი არ გაიაფებულა.

მოსახლეობის ნაწილისათვის სეზონზე მარწყვის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად სოლიდური იყო. მებაღეები წუხან, რომ ხელშეწყობა არ აქვთ, არც ამინდი სწყალობთ და გაწეული ხარჯის ამოღებასაც ვერ ახერხებენ.

ლილი შაქარაშვილი ამბობს, რომ გლეხის შრომას ფასი დაეკარგა. ”შრომობს ადამიანი და შედეგად არაფერი რჩება. შემოდგომასა და გაზაფხულზე დიდი რაოდენობით ბალახი იყო და მუშას გავაწმენდინე, რაშიც 30 ლარი გადავიხადე, მაგრამ გაზაფხულზე ისევ ბალახი წამოვიდა და უფულობის გამო ვეღარ შევძელი მისი გამარგვლა. უამინდობამ მოსავალი პირწმინდად დააზიანა. იმის ნაცვლად, რომ მოგება მიმეღო, წაგებაზე ვარ. ამ საქმისგან ზარალის მეტი ვერაფერი ვნახე, მთელი შრომა წყალში ჩამეყარა. მდგომარეობა ოდნავ უკეთესი იქნებოდა, კახეთში რომ მარწყვის ჩამბარებელი ერთი პუნქტი მაინც იყოს. მარწყვის რეალიზება თვითნებურად გვიწევს და ეს ცალკე თავსატეხია, რასაც მოსახლეობის უმეტესობა ვერ ახერხებს”, - ამბობს ლალი შაქარაშვილი.

მარწყვის ბიზნესს პრობლემები შარშანაც ჰქონდა, სეტყვამ მოსავალი დააზიანა და დანაკარგი დიდი იყო, თუმცა მაშინ სეზონი ჩავარდნას გადაურჩა. კახეთის რამდენიმე სოფელში, რომელიც ნაკლებად დაისეტყვა, მარწყვის მოსავლის შენარჩუნება შეძლეს, ხოლო ბაზარზე იმერეთიდან შემოსულმა პროდუქტმა ვითარება დააბალანსა და ბიზნესმაც მეტ-ნაკლებად იხეირა.

სამომხმარებლო ბაზარზე კახური მარწყვი ჯერ კიდევ იყიდება, რეალიზაციაშია იმერულიც, მაგრამ მათი უმეტესობა ყველგან უხარისხოა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყოველდღიურად ტონობით პროდუქტს ყიდდნენ, ახლა არც მოსავალია და სიძვირის გამო მყიდველიც ნაკლებია.

”მთელი ბაზარი რომ შემოიაროთ, ხარისხიან მარწყვს იშვიათად ნახავთ. ამინდმა მოსავალზე ცუდად იმოქმედა. მართალია, კახური პროდუქტი მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია, მაგრამ მას არც იმერული ჩამოუვარდება. საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილ მარწყვს ვყიდი, იმერულია, მაგრამ ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესოა. დიდი შრომა გავწიეთ, მაგრამ ამინდმა არ გაამართლა და დავზარალდით. ჩემი მოსავლის ნაწილს ზესტაფონშივე ვყიდდი, ნაწილიც დედაქალაქში ჩამომქონდა. წელს ადგილზე არ გავყიდე, ისედაც ცოტაა და ნაკლებ ფასში მომიწევდა გაყიდვა.

ახლა 1 კგ მარწყვს 4 ლარად ვყიდი. სიძვირის გამო ცოტა მყიდველი მყავს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ისედაც ვიზარალე, ასეთი ცუდი სეზონი მარწყვის ბიზნესს არ ჰქონია”, - ამბობს ვახო კვანტრიშვილი, იმერელი მოვაჭრე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”