ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, საქართველო-ისრაელს შორის ვაჭრობა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში საქართველო-ისრაელს შორის ვაჭრობა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის მიერ ერთობლივად, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) გახნას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო.

„93 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 300 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივად შექმნის პირველი მერცხალი, პირველი ყველაზე მსხვილი ებრაული ინვესტიცია საქართველოში. კარგია, რომ ეს დაემთხვა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს 70 წლის იუბილეს, ასევე, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს, თორემ მოგეხსენებათ, ორივე სახელმწიფო გაცილებით უფრო დიდი ხნისაა. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ეს ერთობლივი საწარმო დღეს გაიხსნა და ეს ასევე დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ისრაელთან. დღეიდან დაიწყება მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც დადებს შედეგს. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი დადებითი იქნება. ლაპარაკია უბრალოდ, რომ ეს რაოდენობრივ მაჩვენებლში გამოიხატოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ის განცხადება, რომელიც დღეს ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სულ მალე, რამდენიმე წელიწადში სავაჭრო მოცულობა მიაღწევს 1 მილიარდ დოლარს, რეალობა გახდება ამ სავაჭრო ხელშეკრულებით და ასეთი ინვესტიციებით“, - განაცახდა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით და „საპარტნიორო ფონდს“.

„ეს პროექტი დაიწყო ირაკლი ღარიბაშილის პრემიერ-მინისტრობის დროს და გაგრძელდა უკვე ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური მუშაობა და შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან მაღალი დონის მაღალტექნოლოგიური საწარმო და გილოცავთ ამ დიდ, მნიშვნელოვან მიღწევას“, - დასძინა პრემიერმა.