კომისიამ „ბილაინს“ „FREEVOLUTION“-ის პაკეტში დარღვევა აღმოუჩინა და გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველო“ წერილობით გააფრთხილა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ე.წ. „FREEVOLUTION“-ის პაკეტის ფარგლებში, მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალდებულა.

კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურდა, რომ ე.წ. „FREEVOLUTION“-ის პაკეტის ფარგლებში, აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს.

2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად, „FREEVOLUTION”-ის საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული დანახარჯები შემოსავლებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.

აღნიშნული გარემოებით დადასტურდა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ მომხმარებელთა ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე მოახდინა, რითაც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება დაარღვია.