ირანის ახალი სანქციების მოლოდინში ნავთობი ძვირდება

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა და მის წინააღმდეგ სანქციების განახლება გადაწყვიტა, ნავთობმა ისევ გაძვირება დაიწყო.

შუადღისთვის ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 0.67 პროცენტით, 77.73 დოლარამდე იყო გაძვირებული. ამერიკულ ტექსასურ მსუბუქ მარკა WTI-ს ფასი კი 0.76 პროცენტით, 71.67 დოლარამდე გაძვირდა.

ირანი ნავთობის მსოფლიო მიწოდების დაახლოებით 4 პროცენტს უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციების ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე დეფიციტია მოსალოდნელი. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირანული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი ჩინეთია, რომელიც დიდი ალბათობით, სანქციებს არ შეუერთდება.

გარდა ამისა, აშშ-ის ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი ამბობს, რომ ირანისთვის სანქციების განახლების შემდეგ, ბაზარზე გაჩენილ დეფიციტს სხვა მწარმოებლები შეავსებენ. ისინი დეფიციტს იმ შემთხვევაშიც აღმოფხვრიან, თუ სანქციებს ჩინეთიც შეუერთდება.

საუდის არაბეთი მზადაა, წარმოქმნილი დეფიციტი სრულად შეავსოს, თუმცა ამ საქმეში OPEC-ის სხვა წევრი ქვეყნებიც იაქტიურებენ, რომელთა ნაწილსაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის გაგრძელება აღარ სურთ.

ნავთობის ფასის მიმდინარე ზრდა, ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ შეერთებულ შტატებში მარაგები შემცირდა. ენერგეტიკის ინფორმაციის სამმართველოს (EIA) ინფორმაციით, აშშ-ში მარაგი 2.2 მილიონ ბარელით არის შემცირებული. პროგნოზით კი 0.719 ბარელით შემცირება იყო ნავარაუდები. მაგრამ იმავდროულად, შტატებში ნავთობის მოპოვება კვლავ გაიზარდა და დღეში 10.7 მილიონ ბარელს მიაღწია.