"ბიზნესისთვის უზრუნველყოფის ნაწილში მხარდაჭერა ძალიან კარგია, რასაც საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ითვალისწინებს"

მთავარი ნაკლოვანება, რაც აკლია მცირე და საშუალო ბიზნესს, არის უზრუნველყოფის ნაწილი ბანკებთან მიმართებაში.

ამის გაზიარება როდესაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან კარგია, - ასე აფასებს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის დირექტორი მიხეილ ჭელიძე პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის საკრედიტო-საგარანტიო რეფორმას.

„ძალიან კარგი რეფორმაა. მცირე და საშუალო ბიზნესი ყოველთვის ხერხემალია ეკონომიკის. მთავარი ნაკლოვანება, რაც აკლია მცირე და საშუალო ბიზნესს არის უზრუნველყოფის ნაწილი ბანკებთან მიმართებაში. ამის გაზიარება როდესაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან კარგია, რადგან ეს რეალურად ბარიერია მათთვის. შესაძლოა მათ ბიზნესი ლიკვიდური ჰქონდეთ, მზაობა იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გირავნობის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ, ვერ ახდენენ სესხის აღებას“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

მისივე თქმით, უზრუნველყოფის ნაწილში მხარდაჭერა ძალიან კარგია ბიზნესისთვის, რასაც საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ითვალისწინებს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში შესწავლილია არაერთი ქვეყნის მაგალითი. მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მათ მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია - ესაა უზრუნველყოფის წვდომა.

„აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად წყვეტს. პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია და ძალიან კარგი შედეგი აქვს, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მექანიზმია. ფონდის ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულ ბანკში მიდის სესხის ასაღებად, კომერციულ ბანკს საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიზნესს წვდომა ძალიან უადვილდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.