რა ქონებას ფლობს მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშილის შემოსავალმა გასულ წელს აღნიშნულ პოსტზე 75 ათასი ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირკვევა რომ ძირითადი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი მინისტრის მეუღლე არმინ ჰუთენლოხერია.

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ციხელაშვილი ფლობს 35,68 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში საირმის 33-ში; ოქროყანაში მდებარე 188,9 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლის 50%-იან წილს, რომლის თანამესაკუთრე და 50%-ის მფლობელი მისი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერია. მინისტრს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი Hyundai Tucson.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს ,,თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 515,08 ლარი და 92,85 ევრო; ანაბარზე - 0,12 ლარი, 2 241,01 დოლარი და 1 030,01 ევრო; მიმდინარეზე - 83,47 ევრო, 56,47 ლარი და 300 დოლარი.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით ციხელაშვილმა გასული წლის 25 მაისიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში იქირავა წყნეთის ყოფილი სამთავრობო აგარაკი, რის შედეგადაც მისმა გასავალმა 18 942 ლარი შეადგინა.

მინისტრს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი ფლობს 280 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 25%-ს გერმანიაში, ქონების თანამესაკუთრეები კი ალფრედ და ბირგიტ ჰუთენლოჰერები არიან ; 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 50%-ს ბერლინში, რომლის თანამესაკუთრეც კორნელია ადომეიტია; მის საკუთრებაშია ასევე ბერლინში მდებარე 86 კვ. მეტრის ბინის 20%, რომლის თანამესაკუთრეც ბირგიტ ჰუთენლოხერია; ხორვატიაში 180 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 80%, რომლის მეწილეც ტომას ჰაიმია; მასვე ეკუთვნის გერმანიაში 4 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის (საჯარო გამოყენების ტყე-პარკის) 25%, რომლის თანამესაკუთრეებიც ბირგიტ და ელფრიდე ჰუთენლოხერები არიან.

გარდა აღნიშნული უძრავი ქონებისა, დეკლარაციის შევსების მომენტში არმინ ჰუთენლოხერი OMNICOM Holding-ის 846 აქციის მფლობელი იყო. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, postbank nuernberg-ის მიმდინარე ანგარიშზე - 15 000 ევრო ჰქონდა. ამასთან, ის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰოლდინგის „ომნიკომის“ აქციონერი, რომლის 100%-იან წილს ფლობს და გერმანიაში შპს კერძო კომპანია „რეს“ დირექტორი და 100%-იანი წილი, რომლის საქმიანობის შედეგადაც გასულ წელს 96 000 ევროს შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრის მეუღლეს ჰქონდა 450 000 ევროს ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 42 000 ევრო შეადგინა; გერმანიაში ბინის ქირაობის შედეგად კი გასულ წელს 14 400 ევროს გასავალი ჰქონდა.