შვედური პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი კომპანია Volvo, რომლის მფლობელიც ჩინური Geely-ია, 2018 წლის ბოლომდე აქციების პირველად განთავსებას (IPO-ს) გეგმავს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, Geely-იმ და Volvo-მ მიმდინარე თვეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორმაგი ლისტინგის შესაძლებლობა - ჰონგ კონგსა და შვედეთში, ასევე კომპანიის პოტენციური კაპიტალიზაციის საკითხები 16-დან 30 მილიარდ დოლარამდე. ორგანიზატორებად განისაზღვრა Citigroup Inc., Goldman Sachs Group Inc. და Morgan Stanley. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა პირველადი განთავსება სავარაუდოდ, უკვე შემოდგომაზე მოხდება.
ჩინურმა კომპანია Geely-იმ, რომელიც ეკუთვნის კერძო პირს, მილიარდერ ლი შიფუს, Volvo 2010 წელს შეიძინა. შვედური კომპანია 1927 წელს დაარსდა და ამჟამად მსოფლიოს 100 ქვეყანაში ყიდის ავტომობილებს. 2016 წელს შვედებმა პრივილეგირებული აქციების განთავსებით 5 მილიარდი კრონის მოზიდვა შეძლეს და განაცხადეს, რომ მოახდენდნენ მათ კონვერტაციას ჩვეულებრივ აქციებში. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოახდენდა აქციების ბაზარზე პირველად განთავსებას (IPO-ს), თუმცა ტოპ მენეჯერები აცხადებდნენ, რომ ღია ბაზარზე გასვლა მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა.
2017 წელს Volvo-მ რეკორდულად მაღალი შემოსავლები მიიღო, ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნის გამო. მისი საოპერაციო შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 14,1 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა, ხოლო საერთო შემოსავლები გაიზარდა 17%-ით 210,9 მილიარდ კრონამდე. სულ Volvo-მ გასულ წელს 571,6 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც 7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
კოკა კვირკველია