ყველა ინდუსტრიაში ბანკებს აქვთ საკუთარი ინტერესები, რაც ბიზნესს ახალი პროექტების განხორციელებაში ხელს უშლის, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი იაშვილმა განუცხადა.
„ბანკების ნაწილთან მე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი ვხედავ ინტერესთა კონფლიქტს. ვერ დავასახელებ რომელ ბანკებზე მაქვს საუბარი, თუმცა არიან ისეთი ბანკებიც, სადაც ჩემთვის პროექტის მიტანა არ არის უსაფრთხო. იმიტომ რომ, არ ვიცი რომელ მაგიდაზე აღმოჩნდება იგი, არ ვარ დაზღვეული, რომ ბანკი მას არ შეხედავს კონკურენტის თვალით“, -აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა მხოლოდ ფორმალურად არის აკრძალული.
„ფორმალურად არაპროფილური აქტივების ფლობა ნამდვილად აიკრძალა, მაგრამ ჩვენც საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რაც ხდება სინამდვილეში. ყველა სფეროში: მათ შორის ენერგეტიკაში, უძრავ ქონებაში, გადამამუშავებელ სექტორშიც ბანკის გავლით ახალი პროექტის წამოწყება არის რისკების შემცველი. ეს ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა“, - განაცხადა „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ქრისტინე გამთენაძე