„ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს,”
- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია ElbitCyclone-ის ერთობლივი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო დონის კომპანიები საქართველოს ნდობას უცხადებენ, ჩვენი ქვეყანა კი მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იქნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომლებმაც გადამზადების პროგრამა ისრაელის წამყვან სპეციალისტებთან გაიარეს. მსგავსი ქარხნები ძალიან მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს: ამერიკაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელში და ა.შ. ამ ქარხნის ერთერთი ყველაზე დიდი დამსახურება ის არის, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების რიგიდან, რომელთა ექსპორტის ძირითად ნაწილს მხოლოდ წიაღისეული ან პირველადი გადამუშავების ნედლეული შეადგენს და ჩვენ დღეს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყნების სიაში შევდივართ“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.
საქართველოში ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა. ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური ცერემონიალის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა, საზეიმო გახსნის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საპატიო სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი, ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი.
სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის. საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, ისეთები, როგორებიც არიან „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ „ეარბასი“ და სხვა ლიდერი კომპანიები.
ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.