საქართველოში საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნა ისევ მზარდია. ბოლო ერთ წელიწადში მათი რაოდენობა 85,3%-ით გაიზარდა.
თუ 2017 წლის მარტში ბაზარზე მიმოქცევაში 685 098 საკრედიტო ბარათი იყო, წელს მარტში ეს რაოდენობა 1 000 423 ერთეულამდე გაიზარდა. მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ბანკების გარდა საკრედიტო ბარათებს არც ერთი სხვა საფინანსო ინსტიტუტი არ ფლობს. მართალია, წლების წინ საკრედიტო ბარათების გამოშვებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც აპირებდნენ, თუმცა, მისო-ების წარმომადგენლების თქმით, დღეს ამის საჭიროება აღარ დგას.
ბარათებზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობის ჭარბვალიანობას ასახელებენ. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე საკრედიტო ბარათების გამოშვება დაგვიანებულიც კი არის.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, „ნანოკრედიტის“ დამფუძნებელი ირაკლი ბერძენაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიოში საკრედიტო ბარათები ყველაზე მეტად ადაპტირებული სერვისია და საქართველოშიც კარგი იქნებოდა მისი არსებობა, თუმცა არსებული მდგომარეობის გამო, ამის საჭიროება არ დგას.
„კარგი იქნება, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბარათების გამოყენების საშუალება ექნებათ, რადგან ეს სექტორი საბანკო სექტორისგან რეალურად არაფრით განსხვავდება. თუმცა ბოლოდროინდელ ცვლილებებსა და რეგულაციებს თუ გადავხედავთ, არ ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა. საკრედიტო ბარათების გამოშვება სექტორისთვის დადებითი ტენდენციის მაჩვენებელი არ იქნება. სხვათა შორის, საკრედიტო ბარათებს ყოველთვის ყველაზე მეტი ვადაგადაცილება ჰქონდა. ეს ისევ მოსახლეობას დააწვება ტვირთად. ზოგადად საკრედიტო ბარათი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ადაპტირებული მეთოდია. მეზობელი ქვეყნები, ევროპის ქვეყნებიც ბოლო პერიოდში სამომხმარებლო დაკრედიტებას საკრედიტო ბარათებით ანაცვლებენ“, - აცხადებს ბერძენაძე.
მისივე თქმით, საკრედიტო ბარათების სერვისს სჭირდება ადმინისტრირება და კონტროლი, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ზედმეტი ტვირთი და ხარჯია.
„უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ საკრედიტო ბარათებს ფლობდნენ, მაგრამ მენეჯმენტი ძვირი ჯდება. მომხმარებელს კი მაინც ბანკთან ანგარიშსწორება უწევს. ორგანიზაცია ძალიან დიდი უნდა იყოს, რომ ეს სერვისი დაიწყოს და შემდეგ მისი მენეჯმენტი გასწიოს. თანაც მოსახლეობის კონტროლი იქნება საჭირო, ვისზე გასცენ ბარათი, რომ ვადაგადაცილების მაჩვენებელი საგანგაშო არ იყოს. ჭარბვალიანობამ იმდენად დაამძიმა მოსახლეობა, სესხის გაცემაც გართულდა, საკრედიტო ბარათი ვის უნდა მივცეთ, ეს ცალკე თემაა. ადამიანებს რამდენიმე სესხი აქვთ. ვფიქრობ, ეს თემა დაგვიანებულია. 5 წლის წინ კარგი იქნებოდა“, - განმარტავს ირაკლი ბერძენაძე.
მისივე თქმით, ჭარბვალინაობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ საკრედიტო ბარათების გამოშვება არასაჭიროდ ითვლება: „ჭარბვალიან მოსახლეობას კიდევ საკრედიტო მარჟას თუ დაუმატებ, თავიდანვე გეცოდინება, რომ შეიძლება გაგიპრობლემდეს. ბოლო დროის რეგულაციები ნაკლებად არის კავშირში ამ ყველაფერთან. აქ მთავარი ხელისშემშლელი ჭარბვალიანობის მაღალი მაჩვენებელია“.
ლაზიკა კაპიტალის დირექტორი და „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე ბესო შენგელია კი პირიქით აღნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო სექტორის მიმართ გატარებული რეგულაციები არის ხელისშემშლელი იმის, რომ მათი მხრიდან საკრედიტო ბარათების გამოშვება მოხდეს.
„ჩემი აზრით, საჭიროება არ დგას. მით უმეტეს, ამ სექტორისთვის ახალი რეგულაციები იგეგმება. აქ იმაზე არაა საუბარია, მომგებიანი იქნება საკრედიტო ბარათების გამოშვება სექტორისთვის თუ არა. პრაქტიკული დანიშნულება ბარათს მაინც და მაინც არ აქვს. სწრაფი სესხის აღებისას ბარათის ქონის აუცილებლობა არ დგას. ამდენად, საკრედიტო ბარათების გამოშვება ამ დროისთვის არც სექტორისთვის და არც მომხმარებლისთვის მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - აცხადებს შენგელია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო ბარათების გამოშვება 2013 წლიდან უნდა დაეწყოთ, თუმცა ეს პროცესი დროში გაიწელა. მოგვიანებით, იდეის ავტორი რამდენიმე ორგანიზაცია ბანკად გადაკეთდა და ბარათების გამოშვება როგორც ბანკმა, ისე დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მარტის თვის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის კი 84 ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული.
თეონა კენჭიაშვილი