„საქართველოში მუშაობა გვიჭირს, რადგან კონკურენცია მაღალია“ - „ჯეომილ“-ი საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე მუშაობას აფასებს

ხორბლის ქართული ფქვილი, რომელსაც კომპანია „ჯეომილ“-ი აწარმოებს, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და ერაყში ექსპორტზე უკვე ოთხი წელია გადის.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა, რამდენიმე წელიწადში გაფართოვდა. დღეს, მისი წარმოებული პროდუქციის 15-20% საექსპორტოა, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

კომპანია „ჯეომილ“-ის გენერალური დირექტორი ბესიკ ბეჟაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ჯეომილ“ ხორბლის ფქვილის მწარმოებელი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვს.

„კომპანია 2005 წელს დაარსდა. 2013 წელს რეორგანიზაცია მოხდა, დამფუძნებლები შეიცვალნენ, სახელიც შეიცვალა და „ჯეომილ“ დაერქვა. გარდა ამისა, დანადგარებიც გავაუმჯობესეთ. საქართველოში ხორბალი იმ რაოდენობის არ არის, რომ წარმოებას ეყოს. ამიტომაც ხორბალი არის იმპორტული, რუსეთიდან შემოგვაქვს. ხორბლის ფქვილი ექსპორტზე მხოლოდ ჩვენ გაგვაქვს აფრიკის ქვეყნებში, ძირითადად, კონგოსა და ანგოლაში და ერაყში.

ექსპორტი 2014 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად, ფქვილის ექსპორტზე გატანა არ გაგვჭირვებია. ეს ქვეყნები შეირჩა იმიტომ, რომ მოთხოვნა იყო. თავად მოვძებნეთ აღნიშნული ბაზრები. მათთვის ჩვენს მიერ წარმოებული ფქვილის ხარისხი და ფასი მისაღები აღმოჩნდა. ჩვენ კონკურენციაში შევედით და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ფქვილებზე მეტი მოწონება დავიმსახურეთ. ყოველ წელს რაოდენობას ვუმატებთ. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის 15-20% ექსპორტზე გადის, ანუ თვეში 2000 ტონა, დანარჩენი კი ქვეყანაში რჩება და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, ექსპორტისგან განსხვავებით, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ რთული ფენომენია. ბევრი მწარმოებელია, მცირე და მსხვილი და პროდუქციაც ბევრია. ამ ბაზარზე მუშაობა ყველას გვიჭირს, რადგან კონკურენცია მაღალია. ჩვენ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ. სირთულის მიუხედავად, კონკურენციამ დადებითი შედეგიც მოუტანა ბაზარს - ფქვილის ფასი საკმაოდ დაბალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ბაზარი ქართული ფქვილით არის გაჯერებული“, - განმარტავს „ჯეომილ“-ის დირექტორი.

მისივე განცხადებით, ბოლო წლებში „ჯეომილ“-მა და სხვა ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს ის, რომ ხორბლის ფქვილის იმპორტი მნიშვნელოვნად „შეავიწროვეს“.

„ბოლო ოთხი წელიწადია, რაც წარმოება უფრო მასშტაბურად დავიწყეთ. ჩვენს გარდა, ბაზარზე არაერთი კომპანიაა, ვისაც მსგავსი პროდუქცია აქვს, როგორც წვრილი, ასევე მსხვილი. ჩვენ ყველამ შევძელით ის, რომ იმპორტი საგრძნობლად „შევავიწროვეთ“. ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხორბლის ფქვილის წილი საკმაოდ დიდი იყო. შემოდიოდა რუსული, უკრაინული, ყაზახური, აზერბაიჯანული პროდუქცია. თვეში დაახლოებით 1500 ტონა შემოდის, წლების წინ კი 10 000 ტონა შემოდიოდა“, - აღნიშნავს ბესიკ ბეჟაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას ბათუმში იჯარით აქვს აღებული ფართი, სადაც ხორბლის წარმოება ხდება, თუმცა სამომავლოდ აპირებენ, რომ ზღვისპირა რეგიონში საკუთარი საწარმო ააშენენონ და პორტის საშუალებით, პროდუქციის ლოჯისტიკა უფრო მოსახერხებელი გახდება.

ბესიკ ბეჟაშვილის თქმით, „ჯეომილ“-ში 120 ადამიანია დასაქმებული. საწარმო ლილოში მდებარეობს. მაღალი ხარისხის გერმანული და შვეიცარული დანადგარებით არის აღჭურვილი ლილოში. ძირითად საქმეს დანადგარები ასრულებს, ადამიანის ფაქტორი მცირეა.

ხორბლის ფქვილის ქართული მწარმოებელ კომპანია „ჯეომილს“ რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის, როგორც ქართველები, ასევე, კანადის და ინდოეთის მოქალაქეები.

თეონა კენჭიაშვილი