ფერმერები წელს უკეთესი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან.
როგორც თხილის ექსპორტიორი კომპანიის - „კესკიას“ დირექტორმა მარიამ კოდუამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ფაროსანას წინააღმდეგ უკვე ორი წამლობა განხორციელდა. მისი თქმით, მავნებელთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული როგორც სახელმწიფო, ისე ფერმერები.
„შარშან პრობლემასთან გამკლავება ყველანაირი გამოცდილების გარეშე მოგვიხდა. მართალია, წელს თბილი ამინდებიდან გამომდინარე, ფაროსანამ ადრიანად დაიწყო ზამთრის ძილიდან გამოსვლა, თუმცა ამ ფაქტს ჩვენ უკვე მომზადებულები დავხვდით. სახელმწიფო იმ წერტილებში ახდენს წამლობას, სადაც არის საჭიროება. საჭიროებას კი ადგენენ იმ ხაფანგებით, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის დამონტაჟებული,“-აღნიშნა მარიამ კოდუამ.
„კესკიას“ დირექტორი ამ ეტაპზე ვერ პროგნოზირებს, როგორი იქნება თხილის ფასი, მისი თქმით, ამას ნაწილობრივ თურქული ბაზარიც განსაზღვრავს.
„ფასი დამოკიდებული იქნება მოსავლის ხარისხსა და თურქული ბაზრის გავლენაზეც. ვინაიდან თურქეთი არის თხილის ძირითადი ექსპორტიორი, უნდა დაველოდოთ მათი მოსავლის რაოდენობასაც. შარშანდელმა მოსავალმა ქართულ ბაზარს იმიჯი შეულახა, თუმცა თუ წელს ხარისხიანი მოსავალი გვექნება, ექსპორტის მაჩვენებელზე ვფიქრობ, ეს ფაქტი ნაკლებად მოახდენს გავლენას,“-აღნიშნა მარიამ კოდუამ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოდან თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი 96 მილიონ დოლარზე მეტით შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა 2017 წელს 83,081 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3% იყო.
ამასთან, აღნიშნული ჯგუფის ექსპორტი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 96,428 მილიონი აშშ დოლარით იყო შემცირებული. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 179,510 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ქრისტინე გამთენაძე