სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტშია აღნიშნული.

დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 4 წლის ვადით გაიცემა, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელი იყო. რაც შეეხება იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მაქსიმალური ვადა შესაბამისად, 20 და 10 წელი იქნება.

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ფაქტობრივად არ იცვლება იპოთეკური და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ვადიანობა.

„როგორც წესი, იპოთეკური სესხი 20 წელზე მეტი ვადით არ გაიცემოდა. ძირითადად ამ ტიპის სესხების ვადიანობა 10-15 წელი იყო. რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი ვადიანობა, როგორც წესი, 7-10 წელი იყო. შესაბამისად, ამ ტიპის სესხებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება,“-აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

რაც შეეხება გავლენას, ალიბეგაშვილის თქმით, ვადიანობის შემცირება სესხის მომსახურების კოეფიციენტის შემცირებასთან ერთად, სესხის ოდენობას შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, 500 ლარის ან უფრო ნაკლები თვიური შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 15% უნდა იყოს; 500-დან 1000 ლარამდე - 20%, 1 000-დან 2 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 4 000-8 000 ლარის ფარგლებში - 35%; 8 000-დან 16 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში - 40% უნდა იყოს; 16 ათასი ლარის ზევით კი სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.