გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის.
ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. წინადადების განხილვის საბოლოო ვადა 15 მაისია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 75 000 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, 2018 - 2019 წლების სათხილამურო სეზონისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება, გუდაურში არსებული საბაგიროებიდან ,,პირველი" საბაგიროს და ,,სოლიკოს" დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობა, ასევე ,,კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქცია/დამოკლება და მის მიმდებარედ ახალი საბაგიროს მშენებლობა.
„გუდაურში, მაღალი გამტარუნარიანობის უახლესი საბაგიროებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, პირდაპირპროპოციულად აისახება სამთო-სათხილამურო კურორტზე არსებული სუბიექტების (ადგილობრივი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ინვესტორები), შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და მთლიანობაში, სახელმწიფოს შემოსავლებზე. მოგეხსენებათ, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ტურიზმის განვითარება, დამსვენებლებისათვის საუკეთესო ტურისტული პროდუქტების და მომსახურების უზრუნველყოფა. შესაბამისად, კომპანიის მიზანია, ვიზიტორებს შესთავაზოს ახალი უმაღლესი ხარისხის სერვისი, რათა უახლოეს მომავალში შეძლოს კურორტმა, წამყვან საერთაშორისო სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის კონკურენციის გაწევა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი, მაღალი გამტარუნარიანობის საბაგიროები ექსპლუატაციაში 2018-2019 წლების სათხილამურო სეზონისათვის უნდა გაეშვას.