რამდენად სასურველია საქართველო უცხოელებისთვის სამუშაოდ, სასწავლებლად ან საცხოვრებლად - ქართველების შეფასება

ქართველები რეგიონში ყველაზე კრიტიკულად აფასებენ სხვებისთვის საკუთარი ქვეყნის სასურველობას. ამის შესახებ, „აიფიემის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, საქართველოში გამოკითხულთა 21%-ის აზრით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების/მუშაობის/სასწავლო მიზნით გადმოსვლისთვის სასურველი ქვეყანა არ არის.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებმა საკუთარი ქვეყანა სხვა ეროვნების ადამიანების თვალთახედვით შეაფასეს. კერძოდ, 1 200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას, მათი აზრით, რომელი ეროვნების ადამიანებისთვის იქნებოდა მათი ქვეყანა მიმზიდველი ადგილი საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სასწავლო მიზნებისთვის.

კვლევის შედეგების თანახმად, ქართველების 26%-ის აზრით, საქართველოში ხანგრძლივი დროით ყოფნა ყველაზე მეტად გერმანელებისთვის არის მიმზიდველი. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ხანგრძლივი ვიზიტით ყველაზე ხშირად, საქართველოს რუსები სტუმრობენ.

ქართველების აზრით, გერმანელების შემდეგ, საქართველო ყველაზე საინტერესოა ამერიკელებისთვის (22%). ასევე გამოკითხულთა 18%-ის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ფრანგებისთვის; 17%-ის თქმით კი ბრიტანელებისთვისაც საკმაოდ მიმზიდველია მუდმივი/დროებითი ცხოვრების, სამუშაო ან სასწავლო მიზნებისთვის.

bpn

„მიგრაციის საკითხთა ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში შემოსულ იმიგრანტთაგან მხოლოდ 1,5% იყო აშშ-ს მოქალაქე, ხოლო გერმანელი იმიგრანტების რიცხვი კიდევ უფრო მცირე იყო.

რეალურად, საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტით სტუმრობა მეტად ტიპური აღმოჩნდა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვიდრე იმ ეროვნებების წარმომადგენლებისთვის, რომლებისთვისაც ქართველების შეფასებით, საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტით ჩამოსვლა ყველაზე კომფორტული უნდა ყოფილიყო. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, საქართველოს საზღვარს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები კვეთდნენ. მათგან ყველაზე მეტი რუსი (26%), თურქი (15%) და სომეხი (14%) ვიზიტორები იყვნენ.

საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, იმიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი (მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად), რომელმაც: 1. გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვეში, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და 2. საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა,“-აღნიშნულია კვლევაში.