აშშ და ჩინეთი შეძლებენ შეთანხმების მიღწევას ვაჭრობის საკითხებში, რომელიც სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს. დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩინეთი და აშშ კარგად თანამშრომლობენ ვაჭრობის სფეროში“. თუმცა პრეზიდენტის აზრით, ამერიკის წინა ადმინისტრაციების მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებები ჩინეთთან, იყო ცალმხრივი და ჩინეთის სასარგებლოდ წარმოებდა. „ასე რომ, მათ უჭირთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს. მაგრამ მშვიდად იყავით, ყველაფერი გამოვა!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცნობისათვის, აშშ და ჩინეთი მოლაპარაკებას მაღალ დონეზე მიმდინარე კვირასაც გამართავენ. ეს შეხვედრა ემსახურება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში არსებული მწვავე პრობლემების დარეგულირებას. ვაშინგტონში ელოდებიან ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს ლიუ ჰეს, რომელიც როგორც მოსალოდნელია წარმოადგენს კონკრეტულ წინადადებებს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად.
შეგახსენებთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დონალდ ტრამპის მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული სიის შემდეგ დაიძაბა, სადაც მოყვანილი იყო იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდებოდა ჩინეთიდან და რომელზეც უნდა გაიზარდოს გადასახდელი 25%-ის ოდენობით. პასუხად კი, ჩინეთმა მსგავსი სია გამოაქვეყნა, რომელზეც ანალოგიური გადასახდელები დაწესდებოდა.
სააგენტო სინხუას ინფორმაციით, პეკინში გამართულ შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ამ პრობლემების დამარეგულირებელ მექანიზმს. ამჟამინდელ მოლაპარაკებებს კი ამერიკელი ანალიტიკოსები უწოდებენ მცდელობას თავიდან იქნას აცილებული სავაჭრო ომი ორ სუპერეკონომიკას შორის.
კოკა კვირკველია